აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Twitter-ზე არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ კომპანიას ილონ მასკი შეიძენს და მის ანგარიშს აღადგენს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის თქმით, ის საკუთარ სოციალურ ქსელ TRUTH Social-ს გამოიყენებს.
„მე არ ვაპირებ Twitter-ზე დაბრუნებას. მე TRUTH-ზე დარჩენას ვაპირებ. იმედი მაქვს, ილონი იყიდის Twitter-ს, რადგან ის გააუმჯობესებს მას და ის კარგი ადამიანია, მაგრამ მე TRUTH-ზე ვრჩები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
2021 წლის იანვარში Facebook-მა, Instagram-მა და Twitter-მა ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს, მას შემდეგ რაც მისმა მხარდამჭერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და კონგრესის შენობა შტურმით აიღეს. შტურმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ტრამპი თავისი შეტყობინებებით მხარდამჭერებს აქეზებდა.