„აქამდე მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო. როდესაც რიგითი წევრობიდან ეგრევე ხდები თავმჯდომარე, ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული „დაწინაურება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მაინც მიხეილ სააკაშვილი იქნება.
„მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მათი მორალური ფასეულობები თანხვედრაშია. შესაბამისად ლოგიკურია, რომ მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება. ეს არსი იმ წინააღმდეგობების გაგრძელება რაც არის პარტიის შიგნით - არის სერიოზული კონფლიქტები. როდესაც სუსტდება პარტია, ასეთ დროს თავს იჩენს პარტიის შიგნით დაპირისპირებები. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, მას სურს მისი თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე. ასეც და ისეც, რეალური ლიდერი, ბუნებრივია, არც მელია და არც მარგველაშვილი იქნება - ამ პარტიაში რეალური ლიდერი მაინც სააკაშვილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.