logo_geo
eng_logo
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - კომისიის სამუშაო შეხვედრა
- +

26 აპრილი. 2022. 15:53

 

 

დღეს ბათუმის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველი დეველოპერული კომპანიების წინადადებების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრებთან.

 

აღნიშნული კომისია აჭარის მთავრობის განკარგულებით შეიქმნა.

 

კომისია უზრუნველყოფს „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით“ დადგენილ პირობებთან პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დეველოპერული წინადადებების შესაბამისობის თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას.

 

დღეის მდგომარეობით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე 120 საცხოვრებელ სახლზე მომზადდა საექსპერტო დასკვნა.

 

აქედან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 17 მისამართიდან ქირაში გაყვანილი ჰყავს 217 ოჯახი.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია დაახლოებით 302 განცხადება, რომელიც ეხება ავარიულ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ეტაპზე, 46 მისამართზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, ხოლო დანარჩენი მისამართების დათვალიერება/შესწავლა ეტაპობრივად ხორციელდება.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, შესაძლო ავარიული, ამორტიზებული და საფრთხის შემცველი სხვა შენობა-ნაგებობების გამოვლენის ღონისძიებებს.

 

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ შეიქმნა შერეული სამთავრობო კომისია, რომელიც მიზნად ისახავს დეველოპერული კომპანიების შემოთავაზებების განხილვას „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში.

 

ბუნებრივია, პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

 

ამ ეტაპისათვის, როგორც კერძო სექტორთან შეხვედრისას გვქონდა დანაპირები, 120 მისამართზე ჩატარდა ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი პროცედურები, შენობებს მიენიჭა ავარიულობის სტატუსი - აღნიშნული ნუსხა გასაჯაროვდება. ამავდროულად, 300-მდე მისამართზე სრულად განხორციელდება საექსპერტო კვლევები, რის შემდეგაც დამატებითი წინადადებები იქნება მიწოდებული კერძო სექტორისა და დეველოპერებისათვის“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

 

კომისიას უხელმძღვანელებს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე. კომისიის წევრები არიან ბათუმის მერიის, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner