logo_geo
eng_logo
ძუნწი იხდის უფრო მეტს, ვიდრე... (ფიქრები ერდოღან-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით)
- +

11 აგვისტო. 2016. 22:28


დიპლომატების და პოლიტიკოსებისთვის საყურადღებო მასალაა გამოქვეყნებული თურქულ პრესაში. 

 

საუბარია იმ მეთოდებზე და ადამიანებზე, რომელთა მეშვეობითაც მოხდა პუტინ-ერდოღანის "შერიგება" და რუსეთ-თურქეთის ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება.


მეჩვენება, რომ ცოტა არ იყოს, ჭკუის სასწავლებელიც კი არის ეს პუბლიკაცია.


დიპლომატებმა (და არა მარტო) კარგად იციან, რომ "კულისებში" უხმაურო მუშაობას ზოგჯერ მოაქვს უფრო ეფექტიანი შედეგი, ვიდრე...


...1961 წელს, ამერიკელი ჟურნალისტის ქალის, "ემის" პრესტიჟული პრემიის ხუთგზის ლაურეატის ლუსი ჯარვისის და "იზვესტიის" მთ. რედაქტორის ალექსი აჯუბეის (ხრუშჩოვის სიძე) საიდუმლო მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა ჯონ კენედისა და ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრა ვენაში. ეს "კუბის კრიზისის" დროა, როცა მსოფლიო პრაქტიკულად იდგა ბირთვული ომის წინაშე. ეს გადაწყვეტილება იმდენად საიდუმლოდ მიიღეს, რომ მის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი გრომიკოს ვენაში დელეგაციის გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე აცნობეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, "კაგებემაც" ყველაფერი ბოლოს გაიგო.


მსოფლიოს დიპლომატიურ ისტორიაში არაერთი ფაქტი მოიძებნება, როცა "კულისებში" მზადდებოდა გადაწყვეტილებები, რომლებიც ცვლიდნენ ქვეყნების ბედს.


აგერ, ჩვენი უახლესი ისტორიის ფურცლებიც: კულისების მეშვეობით მოხდა გადაწყვეტილების მიღება ელცინ-შევარდნაძე-არძინბას შეხვედრის შესახებ 1993 წლის 3 სექტემბერს.


კულუარული დიპლომატიის შედეგი იყო აზერბაიჯან-საქართველოს ლიდერების პირადი ურთიერთობის ნორმალიზაცია, მრავალწლიანი "გამყინვარების" შემდეგ, რასაც მოყვა დიპლომატური ურთიერთობის სრული ფორმატით აღდგენა, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ოფიციალური ვიზიტი თბილისში და...


მაგალითებს რა გამოლევს.


ამიტომ ამ "გზის" და "მეთოდების" აღდგენა-გამოყენება-გაღრმავება სასიკეთოდ წაადგებოდა ქართულ დიპლომატიას და სახელმწიფოს. მით უმეტეს მაშინ, როცა ზოგიერთ მეზობელთან ჯერ კიდევ არამყარია ნდობის ფაქტორი... და არა მარტო მეზობლებთან. თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში, რამეთუ აშკარაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის, საქართველოში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ იქაურ ელიტას, არცთუ იშვიათად, აქვს ცალმხრივი ინფორმაცია (ეს რბილად რომ ვთქვათ). ამაზე მეტყველებს ყოველდღიური ცხოვრება.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა ასეთი კულუარული მუშაობა (პარალელურად სახელმწიფო დიპლომატიური გზებისა) გარდამავალ პერიოდში. თუნდაც, შეერთებულ შტატებში, როცა მთავრდება წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი და კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდება ეს "მარათონი".


და კიდევ ერთი:


როგორც წესი, კულისებში მუშაობენ ისეთი ადამაიანები, რომელთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა არ "ყვირის", თუმც მათი წონა და ავტორიტეტი განუზომელია...


სულ ახლახანს, ჰენრი კისინჯერი (საუკუნეს მიტანებული) სტუმრობდა პუტინს... რა თქმა უნდა არა ჭადრაკის სათამაშოდ. გავიხსენოთ ექსპრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის დასაწყისში. ამ ვიზიტის მიზანი გახლდათ ამერიკული პოლიტიკის პატრიარქის პირადი დაკვირვებების და რეკომენდაციების მიწოდება აშშ მეთაურისადმი. ეს ინფორმაცია უშუალოდ ბატონი ნიქსონისგან გვაქვს.


როცა საქმე საქართველოს ინტერესებს ეხება, უპრიანია მმართველმა "ძალამ" დაივიწყოს პირადი თუ "პოლიტიკური" წყენა, საკუთარი ფინანსური თუ სხვა ინტერესები, დადგეს საკუთარ ამბიციებზე უფრო მაღლა და სამშობლოს სამსახურში ჩააყენოს ყველა ის ადამიანი (ასაკის, პარტიული კუთვნილების, "აგენტობის" მოგონილი და სასაცილო იარლიყების მიუხედავად) ვისაც გამოცდილების, ნიჭიერების, პირადი კავშირების გამო ხელეწიფება ჩვენი სახელმწიფო და ეროვნული პრობლემების წარმატებული გადაწყვეტის ხელშეწყობა.


და ამისათვის არ უნდა დავიშუროთ არავითარი რესურსი. არც პოლიტიკური, არც ფინანსური... თანაც, დროულად! რამეთუ, ცნობილია, საბოლოოდ, ძუნწი იხდის უფრო მეტს, ვიდრე...


ჩამოდით და მყარად დადექით მიწაზე, ამბიციურო ბატონებო და ქალბატონებო!


 

 

http://tvzvezda.ru/news

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner