მოლდოვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რუსული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ოპერატიული ჯგუფის ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა, ოლექსანდრ შტუპუნმა.
25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს ტელეანძა ააფეთქეს. მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა დნესტრისპირეთში განხორციელებული აფეთქებების სერიის შემდეგ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ გაურკვეველ წყაროებს.