„არესტოვიჩი, ეს არის ერთ-ერთ პოლიტიკოსი უკრაინის სპექტრში; ღმერთმა ნუ ქნას და საქართველოში რომ იმგვარი ვითარება იყოს, როგორიც უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს გააკეთებდა უცხოეთის ქვეყნების მიმართ, იმ იმედით, რომ სადღაც, მეორე, მესამე, მეოთხე ფრონტი გახსნილიყო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებების კომენტირებისას. ხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებებში სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებს ხედავს.
„ჩვენი პოზიცია იყო ის და არის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას, მის მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში. ასე რომ, ახლა მე არ გავაკეთებდი არესტოვიჩის გამონათქვამებზე კომენტარს, ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებია. ერთი მხრივ უკრაინელები, მათი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ, ისინი გარკვეულწილად ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ამით ცოტა შვება მიადგეს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ.
„მე ჯერ არ მომისმენია არცერთ უცხოეთის ქვეყნისგან რაიმე სახის კრიტიკა საქართველოს მთავრობის მისამართით ჩვენს პოზიციაზე. ცალკეულმა პოლიტიკოსმა შეიძლება რაღაც თქვას, მაგრამ დასავლეთს ძალიან კარგად ესმის, რომ კავკასიაში კიდევ ერთი აფეთქების კერა, კიდევ ერთი უზარმაზარი ნაკადი ლტოლვილების, კიდევ ერთი ცხელი წერტილი, დაღუპული ადამიანები, ქვეყნები, რომლებსაც ადამიანები, დასავლეთი ისევე უნდა დაეხმაროს, როგორც უკრაინას, ეს არავის აწყობს. საქართველოში საკმარისია ერთი აფეთქება, რომ მთელი კავკასია მიჰყვეს მას და შესაძლოა, არა მარტო კავკასია. ეს დასავლეთისთვის ნამდვილი კოშმარი იქნება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მოზომილი, სწორი პოზიცია, რომელიც გულისხმობს უკრაინისადმი სოლიდარობას, უკრაინის დახმარებას და იმავდროულად საქართველო რჩება დემოკრატიული სტაბილურობის კუნძული მთელ რეგიონში, არის აღიარებული დასავლეთის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, - განაცხადა ხელაშვილმა.