პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი „გაზპრომის“ წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს მას შემდეგ, რაც რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის ექსპორტი შეაჩერა.
ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევისთვის ,,გაზპრომისგან" შესაბამის კომპენსაციას მოითხოვენ.
პოლონური გაზის კომპანია PGNiG-იმ განაცხადა, რომ 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. ოფიციალური მოსკოვი პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე პოლონეთის მიერ უარის თქმას ასახელებს.