არის გარკვეული სკეპტიციზმის საფუძველი, მონაცემების სრულფასოვან სანდოობასთან დაკავშირებით, თუმცა, აქა-იქ ტენდენციებს ასახავს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევა.
კვლევის პარტიული რეიტინგების ნაწილის შეფასებისას, სარჯველაძე აცხადებს, რომ „ცოტა უცნაურად ეჩვენება, 30% განუსაზღვრო პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ბოლო შუალედურ არჩევნებზე 70%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
„რაც შედეგებია, იქ არის გარკვეული სკეპტიციზმის საფუძველი, მონაცემების სრულფასოვან სანდოობასთან დაკავშირებით, თუმცა, აქა-იქ ტენდენციებს ასახავს. 30% განუსაზღვრო პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მაგალითად, ბოლო შუალედურ არჩევნებზე 70%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, ეს ცოტა უცნაურად მეჩვენება. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბათუმის არჩევნები საკამათოდაც არავის გაუხდია, რომ რეალური არჩევნები იყო და არავითარ გაყალბებას ადგილი არ შეიძლება ჰქონოდა, უბრალოდ საჩივარიც არ ყოფილა ასეთი“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
ამასთან, სარჯველაძის თქმით, უცნაურია გახარიას რეიტინგიც.
„რა უცნაურია, გახარიას პარტიას რამდენი აქვს მხარდაჭერა ამავე კვლევის მიხედვით? უფრო მეტი სიმპათია აქვს საზოგადოებას პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პარტიის ლიდერია, მიკვირს, ამ მოცემულობაში.
აბსოლუტურად პოზიტიური განწყობა მქონდა გახარიას მიმართ, ვიდრე ის გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა გადადგომასთან დაკავშირებით, ან შემდგომ ნაბიჯებთან. მაშინ იყო პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს. ახლა როგორია მოცემულობა, ამაზეა ლაპარაკი. კონსტანტა კი არ არის მისი რეპუტაცია, ირყევა იმის მიხედვით, როგორია გადაწყვეტილებები - მართებული თუ მცდარი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.