დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა. მისი თქმით, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 670 პირველკურსელ სტუდენტს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მათ შორის სწავლის დაფინანსება გაუგრძელდება გასულ სემესტრში დაფინანსებულ 525 სტუდენტს.
„მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე გავაჟღერეთ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. გვაქვს დამატებით კიდევ ერთი სიახლე: სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 670 პირველკურსელ სტუდენტს დაუფინანსდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური. დაფინანსდებიან სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე, დაფინანსდება მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონკურსში შემოტანილი ყველა განაცხადი, კერძოდ, 145 პირველი კურსის სტუდენტი სხვადასხვა კატეგორიიდან.