logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: უკრაინას გამოცხადებული, ოფიციალური ომი რუსეთთან აქვს, არაოფიციალური კი - საქართველოსთან
- +

28 აპრილი. 2022. 15:56

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას გამოცხადებული ოფიციალური ომი აქვს რუსეთთან, არაოფიციალური კი საქართველოსთან. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ქმედება ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.

 

„დიდ გულისტკივილს იწვევს უკრაინის ხელისუფლების ქმედება, რომლის მიზანიც საქართველოს როლის დაკნინება და ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა არის, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მეგობრის სახელით მტერი გვესაუბრება, რომლისთვის არათუ საქართველოს, არამედ უკრაინის მომავალიც არაფერს ნიშნავს! უკრაინას გამოცხადებული, ოფიციალური ომი რუსეთთან აქვს, არაოფიციალური კი საქართველოსთან. სამწუხაროდ უკრაინის მაღალჩინოსნები დღეს უკვე ღიად საუბრობენ, რომ მათთვის სასურველია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის? განადგურებულ ეკონომიკას, დანგრეულ ქალაქებს და უკან წარსულში დაბრუნებას.

 

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი ახასიათებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, საქართველოში კი ომი ფაქტობრივად არ იგრძნობა, რაც მმართველი გუნდის სწორი პოლიტიკის გამოძახილია. სამწუხაროდ, კარგად გამოჩნდა უკრაინის ორმაგი სტანდარტი და არაგულწრფელობა, ევროპა დღემდე რუსულ ენერგომატარებლებს მოიხმარს, აღნიშნულზე უკრაინა დუმს, უფრო მეტიც, ევროპას გაზი უკრაინის გავლით მიეწოდება, მაგრამ ამაზე არც კი საუბრობენ! არავის ვკიცხავ, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარებით, საქართველო რომ პირველ ადგილზე იმყოფება, ეს უკრაინაში ვინმეს ახსოვს? რა თქმა უნდა, არა! როდემდე უნდა გაგრძელდეს უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა? იმედია უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება და იაფფასიან გამოხტომებს შეწყვეტს, რადგან უკრაინის ხელისუფლების ქმედება ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებს უქმნის საფრთხეს“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner