„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, ჰქონდეთ გამძლეობა, შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება“, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ლონდონის მერის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიოს რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკრაინის გაკვეთილები. დიდმა ბრიტანეთმა ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაგზავნა იარაღი და გაწვრთნა უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ მსოფლიოს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა შეჭრის შესაჩერებლად. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ იმავე შეცდომას. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ მძიმე შეიარაღება იმის შიშით, რომ რაიმე უარესის პროვოცირება არ მოხდეს. ჩემი აზრით, უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია. ახლა არის გამბედაობის დრო და არა სიფრთხილის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, ჰქონდეთ გამძლეობა, შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წმინდაა. თუ ფინეთი და შვედეთი აირჩევენ გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გავაწევრიანოთ ისინი“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.