ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
ჩემპიონატი, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში დღეს გაიხსნა და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებული უმცროს ჭაბუკთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
სპორტული შეჯიბრის დაწყებამდე, საქართველოს დროშა წარმატებულმა ოზურგეთელმა სპორტსმენებმა - იური ლომაძემ და ლუკა ჯავახაძემ, საქართველოს ჰიმნის ფონზე აღმართეს, ხოლო, საზეიმო ღონისძიება ადგილობრივმა ანსამბლებმა, „ვახტანგურმა“ და „მეგობრობამ“ გააფორმეს.
ჩემპიონატს, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - გურიის ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი მერაბ ჭანუყვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.