„როდესაც მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან არის პირდაპირ მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავატარებთ, ვინაიდან ეს არის მთავარი რისკი, არა მარტო ჩვენი, არამედ მოლდოვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „დღის თემა“ .
მისი თქმით, საქართველო და მოლდოვა ფაქტობრივად ერთნაირ მდგომარეობაშია.
„ჩვენ ვართ ორი უნიკალური ქვეყანა, რომლებსაც უსაფრთხოების კუთხით არ აქვთ NATO-ს ქოლგა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციების, თუ პოლიტიკური განცხადების კუთხით არიან ჩართული სოლიდარობის გამოხატვაში უკრაინის მიმართ. ჩვენ, ორი ქვეყანა უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ ისე, რომ არ გვაქვს NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა; ისე, რომ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის თუ უსაფრთხოების და თანადგომის ქოლგა; ისე, რომ ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის რეგულარული ჯარები ოკუპაციის სახით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და მხარს ვუჭერთ მას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.