აზერბაიჯანის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ („SOCAR“) რუსეთში გავლით ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი შეწყვიტა. ნავთობის ტრანსპორტირება ახლა მხოლოდ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მოხდება. ამის შესახებ haqqin.az იუწყება.
როგორც „SOCAR“-ში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება კომერციული მოსაზრებებით არის განპირობებული. დიდი სატრანსპორტო მილსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ამ ნავთობის ტრანსპორტირება მაისიდან დაიწყება.
ამასთანავე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბაქომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ რუსულმა კომპანიამ „ტრანსნეფტმა“ ტრანზიტის გადასახადის გადახდა რუბლებში გადაწყვიტა. მეორე მიზეზი შეიძლება ამ ნავთობის რეალიზების პრობლემა გახდეს, რადგანაც სადაზღვევო და სატრანსპორტო კომპანიები სულ უფრო ხშირად ცდილობენ რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებებზე უარი თქვან. ნოვოროსიისკის პორტში აზერბაიჯანული ნავთობი რუსულ Urals-ში ირევა. ამის შედეგად ნავთობის ფასი 30 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საბაზრო ფასზე ბევრად დაბალია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 მარტს ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად შეჩერდა ამ ტერმინალით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება. მაშინ ყაზახეთში გამოთქვეს ეჭვი, რომ რუსეთმა ტერმინალი მწყობრიდან განზრახ გამოიყვანა, რათა არ დაუშვას ევროპაში რუსული ნავთობის ჩანაცვლება ყაზახური ენერგომატარებლებით.