„საკმაოდ პრიმიტიულია „ნაცების“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედება, ჯერ ისტორიებს თხზავენ, შემდეგ საკუთარ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავრცელებინებენ, აღნიშნულზე კომენტარს კი უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებენ. მორიგი ბითური მიხაილო პოდოლიაკი აღმოჩნდა, რომელმაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს „კვლევაზე“ დაყრდნობით განაცხადა, ახლა გასაგებია რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმად პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „ოცნებამ“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა და რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აჩვენა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე“ დაყრდნობით გაკეთებული განცხადება პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებას ნიშნავს.
„პირველ რიგში ვთქვათ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური საქართველოში ყველაზე მეტად დისკრედიტირებული ადამიანი და არასანდო ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი ზუსტად იმ პოლიტიკურ მესიჯებს იმეორებენ, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ამბობს. საერთაშორისო გამჭვირვალობაზე (საქართველო) დაყრდნობით გაკეთებული განცხადება პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებას ნიშნავს.
პოდოლიაკის პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება რეალობას არ შეესაბამება, მას წარმოდგენა არ აქვს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ნათლად ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერას. ნიშანდობლივია, რომ გაეროში რუსეთისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის იყო საქართველო, მაგრამ მხარდამჭერთა შორის არ იყო აზერბაიჯანი, სწორედ ის აზერბაიჯანი, რომლის ქმედებებსაც ოფიციალური უკრაინა მოწონებით და გაგებით ხვდება, საქართველოს ქმედით ნაბიჯებს კი კრიტიკით“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.