logo_geo
eng_logo
ცივ ქვაზე არ დაჯდე, საკვერცხის ანთება დაგემართება, სველი თმით არ გახვიდე, მენინგიტი დაგემართება - რა კავშირია ამ ჩვევებსა და გაციებას შორის
- +

29 აპრილი. 2022. 22:41

 

 

ცივ ქვაზე არ დაჯდე, საკვერცხის ანთება დაგემართება, სველი თმით არ გახვიდე, მენინგიტი დაგემართება - რა კავშირია ამ ჩვევებსა და გაციებას შორის, - ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ადამიანები უამრავ ინფექციურ დაავადებას გაცივებას უკავშირებენ და სინამდვილეში, ეს ყველაფერი ძირითადად ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო „გაცივების“ თემას. ადამიანები უამრავ ინფექციურ დაავადებას უკავშირებენ გაცივებას, მაგალითად, არაერთხელ გაგვიგია: „სველი თმით არ გახვიდე, მენინგიტი დაგემართება“, „ორპირში ნუ ხარ, მენინგიტი დაგემართება“, „გავცივდი და შარდის ბუშტის ანთება დამემართა“, „ფეხები გაუცივდა და საკვერცხის ანთება დაემართა“, „ცივ ქვაზე არ დაჯდე, საკვერცხის ანთება დაგემართება“ ან „შვილი არ გეყოლება“, „ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ და იმიტომ მახველებს (ან სურდო მაქვს)“ და ა.შ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ძირითადად ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება. რაც შეეხება „საკვერცხის ანთებას“, როგორც წესი, ტკივილი დაკავშირებულია მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებთან, საკვერცხის კისტასთან, მენსტრუალურ ტკივილთან და ა.შ. და „ფეხების გაცივება“ ან ცივ ქვაზე ჯდომა არაფერ შუაშია.

შარდის ბუშტის ანთება კი ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა. თუმცა ცივ ამინდში გახშირებული შარდვა ჩვეულებრივი ამბავია და აუცილებლად „შარდის ბუშტის ანთებას“ სულ არ ნიშნავს. ეს ორგანიზმის გარკვეული დამცველობითი რეაქციაა. და აქვე ვიტყვი, წყლის სმა ცივ ამინდშიც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ზაფხულში.

მენინგიტს იწვევს სხვადასხვა ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, მენინგოკოკი), შეიძლება გადამდები იყოს და ამას ორპირ ქართან, სველ თმასთან ან კონდიციონერთან საერთო არაფერი აქვს.

რაც შეეხება სასუნთქი გზების სიმპტომებს, ანუ რასაც ხალხი „გაცივებას“ უწოდებს, ესეც, როგორც წესი, ვირუსულ ინფექციებთან არის დაკავშირებული და ადამიანი ამ დროს გადამდებია. ყველაზე ხშირად „გაცივებას“ რინოვირუსები და ადენოვირუსები იწვევს.

მოკლედ, ტერმინებს დიდი მნიშვნელობა მართლაც არა აქვს, უბრალოდ, ეს ყველაფერი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ თუ ჩვენი ავადმყოფობის მიზეზს სწორად არ შევაფასებთ, ვერც სწორი მიმართულებით პროფილაქტიკას და მკურნალობას მივმართავთ და ასევე, ზოგ შემთხვევაში, გულწრფელად გვეგონება, რომ გარშემომყოფებს არ ვუქმნით საფრთხეს, რადგან ეს ყველაფერი სიცივის ბრალია და არა ინფექციის“, - წერს მაია ბუწაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner