რომ არა სააკაშვილის შექმნილი მმართველობის სისტემა, შეიძლება ბაჩო ახალაია სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი განცხადებით, სააკაშვილის დანაშაულთა შინაარსი გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის დანაშაულები, რისთვისაც გასამართლებულია, რადგან მან „სადისტური მმართველობის სისტემა“ შექმნა.
„სააკაშვილის დანაშაულთა რაოდენობა, არსი და შინაარსი გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის დანაშაულები, რისთვისაც გასამართლებულია. უფრო მეტსაც გეტყვით, დანაშაული ჩადენილია იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც მწამებლებად ჩამოაყალიბა და ასეთი ადამიანები გვარებით ვიცი. შეუქმნეს ატმოსფერო, რომ ჩაედინათ დანაშაული. რომ არა ეს გარემო, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, მმართველობის სადისტური სისტემა, შეიძლება ბაჩო ახალაია სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო.
შეიძლება რაღაც გარკვეული მუხლი არ უდგებოდეს, მაგალითად იმას, რომ სახელმწიფოში ისტერიკა შექმნა და პოპულარიზაცია მოახდინა ძალადობის, რის გამოც პლეადა შეიქმნა ახალგაზრდა ადამიანების, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იყო მაგალითად სერგო თეთრაძის წამება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში პოლიტიკაში აღარ ჩაერევა, „კვერცხის ნაჭუჭადაც“ არ ღირს.
„მისი პირობა კვერცხის ნაჭუჭად არ ღირს ეს ერთი და მეორე, ძველ პატიმრებთან ვავლებ პარალელს, როლებიც ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ და ეს შექმნა სააკაშვილმა. ის პრეზიდენტი იყო, რასაკვირველია გამორჩეულია პატიმართა შორის, მაგრამ რა პასუხი გავცე იმ ჩემ მეგობარს, რომელმაც ჯანმრთელობა დაკარგა სულ ტყუილად, ქონება წაართვეს და პერსპექტივაში სულ სხვა ცხოვრებით უნდა ეცხოვრა და დღეს ჯანმრთელობა შელახული ცხოვრობს. ან იმ ბიჭს რა პასუხი გავცე, ვინც ხერხემალში გადაამტვრიეს. ამათ რა ვუთხრათ, რომ იცით რა, ჩვენ ახლა რაღაც პოლიტიკური გარიგება მოვახდინეთ თაკო ჩარკვიანთან და ის არ გამოვა აქციაზე და ჩვენ სამაგიეროდ სააკაშვილს გავუშვებთ, ოღონდ იმან პირობა დადო არსად არასდროს პოლიტიკაში აღარ ჩავერევი? სააკაშვილს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ამოცანა აქვს, ამ ამოცანით ცხოვრობს და ამ ამოცანის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ეს მის ფსიქოტიპსაც ახასიათებს, მე არ მგონია, რომ ეს ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის შეხედულება ჰქონდეს, თუმცა მედიცინის თვალსაზრისით ვერ დავადასტურებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.