ძალიან ბევრი წელია ასეთი რეზოლუცია არ შექმნილა საქართველოში და პრაქტიკულად ეს დოკუმენტი ასახავს საქართველოში განვითარებულ ყველა პოლიტიკურ მოვლენას. საუბარია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშზე.
„10 წლის განმავლობაში რაც კი ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ასახული ამ მოხსენებაში. ამ მოხსენების საფუძველზე მიღებულ რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ძალიან ხელშესახები და დიდი პროგრესი აბსოლუტურად ყველა სფეროში. თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ამის მიუხედავად, საქართველო იმ შედეგებით, რაც გვაქვს, მზად არის პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო პრობლემაა.
„სამწუხაროდ, პოლარიზებულობა არ არის მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, ის არის მედიასივრცეშიც. ესეც ცხადი და ნათელია. ამაზე საუბარია რეზოლუციაშიც. თუმცა დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ სიტყვის თავისუფლების თვალსაზრით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.