ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებდით სხვადასხვა განცხადების შეფასებისგან, ვინაიდან დღეს უკრაინა ომშია და ახლა გარჩევის დრო არ არის, მაგრამ ბოლო ხანს, ერთეული წარმომადგენლების მხრიდან ამან ძალიან მძიმე ტენდენციის სახე მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები ძალიან სამწუხაროა იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ხელისუფლებასთან ერთად, მთლიანად საქართველოს მოსახლეობა არის ერთსულოვანი და ამ მძიმე ომში უკრაინას მხარს უჭერს.
„იმ ფონზე, როდესაც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვართ, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ, სხვადასხვა კუთხით საერთაშორისო სანქციების ნაწილს საქართველო ისედაც შეერთებულია და მათ დასახმარებლად ყველა ღონეს ვხმარობთ, ვიღებთ, პირდაპირ ვიტყვი, უტიფარ და უსაფუძვლო ბრალდებებს. ასე არ გამოვა, მეგობრებო. ჩვენ გვესმის ასეთი განცხადებები ერთეული წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ, როდესაც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თავის განცხადებებში პირდაპირ მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას და ორი დღის წინ მოვისმინეთ რადას თავმჯდომარის მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მთლიანად დელეგაციის მისამართით, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც უკრაინაში ჩავიდნენ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
„უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში.