logo_geo
eng_logo
ერთი დედიკოს და მისი ცნობილი ბიჭის სევდიანი ამბავი
- +

1 მაისი. 2022. 14:32

 

 

მიშიკოს დედიკოს უთქვამს, ჩემი შვილიკო ციხის ეზოში სეირნობაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მავთულხლართის ყურება ნერვულ სისტემას უზიანებსო, ისეთი ფაქიზი სულისა და იმავდროულად, ისეთი თავისუფლების მოყვარული ადამიანია, რომ ძალიან, უძალიანესად უზიანებსო.

 

კაცად, უფრო სწორად, მამრობითი სქესის ადამიანად რომ დაიბადები, მთელი ცხოვრება ორი რამისთვის უნდა იყო მზად - ომში წასასვლელად და ციხეში ჩასაჯდომად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან წინასწარ არავინ იცის, ცხოვრება რას უმზადებს, კაცი მუდმივ რეჟიმში შინაგანად უნდა იყოს მზად ამა თუ იმ განსაცდელის მისაღებად. ამის მერე გაირკვევა, კაცად დაიბადე, არაკაცად, თუ „პუსტა-პუსტად“ (თუ ვინმე იკითხავს, ეს „პუსტა-პუსტა“ რაღა არისო, მოკლედ მოვუჭრი, ორი დავითის, ბაქრაძისა და უსუფაშვილის „პოლიტიკურ“ პორტრეტებს დახედეთ მეთქი).

 

ცხოვრების პირველ ეტაპზე, ბავშვობაში, მშობლის და მეტადრე დედის უპირველესი მოვალეობაა (ახალს არაფერს ვამბობ), შვილი საუკუნეებით დამკვიდრებულ წესებს აზიაროს, თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის, რომელსაც სამშობლო ჰქვია და ადამიანის, ანუ გარშემომყოფთა მიმართ, სრულად გაასიგრძეგანებინოს. ასწავლოს, რა არის ღირსება, რა არის მოვალეობები და სად გადის უფლებების ზღვარი. რძიანი სულგუნი, შუშა კიტრი და დედიკო-შვილიკოს ძახილი „გაზრდისთვის“ შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ აღზრდას (არც ამ შემთხვევაში ვამბობ რაიმე ახალს) სულ სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

 

ყველაზე „უმფრო“ მაინც ის მიკვირს, რომ „დედიკოს გმირი“ ცხოვრების ორივე გამოცდაში უკვე მაგრად რომ არის ჩაჭრილი - „მთავარსარდალი“ თვითმფრინავის დანახვაზე „ომიდან“ რომ გაიქცევა და კრუნჩხვებში ჩავარდნილი სუნთქვას ვერ მოიბრუნებს და მაინც „გმირად“ რომ შერაცხავ და ამის მერე, ციხის გისოსების და მავთულხლართის დანახვაზეც რომ ისევ ნერვული სპაზმები, ანუ კრუნჩხვები ემართება - ეს მხდალი და ლაჩარი, ეს არარაობა როგორ უნდა გეიმედებოდეს და როგორ უნდა გევაჟკაცებოდეს? ნუთუ ამდენი მორალურად ცვედანი დაძრწის ჩვენი ლამაზი საქართველოს მიწაზე?

 

კარგად მესმის, როცა პრობლემა ზედაპირზე დევს, თემის სიღრმეებში ჩასვლამ მკითხველში ცოტა უხერხულობაც შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ, შეხსენებისთვის, მხოლოდ ერთსღა ვიტყვი - ყველა კონკრეტული შემთხვევით დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ „ყველაფერი ბავშვობიდან იღებს სათავეს“. მსოფლიოს ისტორიამ უამრავი შემთხვევა იცის, ე.წ. დედიკოს ბიჭები და მორალურად ცვედანები როგორ ყალიბდებოდნენ სადისტებად და ტირანებად. ეს თემა ლიტერატურისა და კინოხელოვნების ერთ-ერთ დიდ სეგმენტს წარმოადგენს, რადგან მასშტაბური და უაღრესად საჭირბოროტო პრობლემაა. ფსიქოლოგები, როგორც წესი, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ სხვისი უბედურებით სიამოვნების მიღება ცუდი აღზრდის შედეგად განვითარებული სულიერი სიმწირისა და სხვა სისუსტეების კომპენსაციაა.

 

ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამო, მიხეილ სააკაშვილის აღზრდაზე ზრუნვა ძალიან დაგვიანებულია (ეს ისე, სხვათა შორის, თუნდაც - ხუმრობით) და საქართველოს გულზე მავთულხლართები რომ გაავლებინა რუს ოკუპანტს და ათიათასობით ადამიანს მზე რომ დაუბნელა და ცხოვრება გაუმწარა (მათ შორის ციხეებში) და ეს რომ არ აწუხებს, უფრო სწორად - ფეხებზე ჰკიდია და ციხის ეზოს მავთულხლართი „ნერვულ სისტემას რომ უზიანებს“ და გისოსების მიღმა დანახული ცა რძიანი სულგუნის და შუშა კიტრის ჭამის მადას უკარგავს, სწორედ ამის გამო არის ციხეში ჩასალპობი.

 

რა არის ექვსი წელი ასეთისთვის?

 

ბიძინა  დვალი

01.05.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner