იტალიურ ტელეკომპანია „მედიასეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ შეეცდება უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დასრულებას 9 მაისისთვის“.
„ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის, არც - გამარჯვების დღეს“, - თქვა ლავროვმა.
მისივე განცხადებით, ომის დასრულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეუწყოს, რისთვისაც მან წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტოს. მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკების პროცესის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ე.წ. სპეცოპერაციას რუსეთი არა უკრაინის ხელისუფლების დასამხობად, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ატარებს.
„კიევი ამ დრომდე ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესს. ზელენსკი პოზიციას დღეში რამდენჯერმე იცვლის. მას შეუძლია, ნამდვილად შეუწყოს ხელი მშვიდობის დამყარებას, თუ შეწყვეტს დანაშაულებრივი ბრძანებების მიცემას თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის, აიძულებს მათ მშვიდობიანი მოქალაქეების გაშვებასა და წინააღმდეგობის შეწყვეტას. ჩვენი მიზანი არ არის უკრაინაში რეჟიმის შეცვლა, ამაზე ამერიკელები არიან სპეციალიზებულები. ჩვენ გვსურს აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა უსაფრთხოება, რათა მათ აღარ დაემუქროს მილიტარიზაცია და ნაციფიკაცია. ასევე, გვსურს, უკრაინის ტერიტორიიდან, რუსეთს საფრთხე აღარ დაემუქროს“, - ამბობს ლავროვი.