თბილისი ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრესიანმა გახსნეს. მინისტრებმა სამართლებრივ სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტისას სომხეთში და სულ რაღაც ორი თვის თავზე თბილისში იმართება ქართულ-სომხური ფორუმი. დღევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებას“, − აღნიშნა რატი ბრეგაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა და, შესაბამისად, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
სომხეთის იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავებისათვის.
„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ქართველი კოლეგებისგან, დაწყებული პრობბოქსის ბრწყინვალე იდეიდან, რაც კარგად უწყობს ხელს პრობაციის სისტემის განვითარებას... კიდევ ერთი დიდი გამოცდილება, რომელიც მსურს, აღვნიშნო, ეხება იუსტიციის სახლებს. საქართველო ნამდვილად ჩემპიონია სერვისების მოწოდების კუთხით... თანამშრომლობის კიდევ ერთი დიდი სფეროა სასამართლოს აქტების აღსრულება, ასევე, საარბიტრაჟო ცენტრი, რომელიც საქართველომ უკვე შექმნა, ხოლო სომხეთი ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებით ეტაპზეა... თანამშრომლობის დღის წესრიგი საკმაოდ ვრცელია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას“, − განაცხადა კარენ ანდრესიანმა.
სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის წარმატებული პლატფორმაა. ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები თემატურ სესიებზე განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა; ელექტრონული სახელმწიფო სერვისები; იძულებითი აღსრულების საკითხები, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, ფორმალური და არაფორმალური იურიდიული განათლება და სხვა.
ყოველი თემატური მოხსენების შემდეგ ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს მოსაზრებებსა და გამოცდილებას დისკუსიის რეჟიმში უზიარებენ.
ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ხვალ დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის იუსტიციის მინისტრი ეროვნულ არქივს, იუსტიციის სახლს, პენიტენციურ სამსახურს მოინახულებს და მათი მუშაობის ქართულ მოდელს გაეცნობა.