logo_geo
eng_logo
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების შესახებ იმსჯელა
- +

2 მაისი. 2022. 16:18

 

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ განიხილეს.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წელს გაფორმდა ფინანსური ხელშეკრულება „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი“. გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს გამოეყოს 100 მილიონი ევრო სესხის სახით „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ღონისძიებების დაფინანსებისთვის. ამ სესხის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, როგორიცაა: გზები, ქუჩები, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. სესხის მოცულობა 100 მილიონი ევროა, დაფარვის ვადა - არაუმეტეს 25 წელი.

 

დღესვე, კომიტეტმა იმსჯელა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი) რატიფიცირების საკითხზე.

 

2022 წელს ხელი მოეწერა საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის და ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის, ასევე ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთზე. სამშენებლო სამუშაოები და მათზე განსახორციელებელი საზედამხედველო მომსახურება სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საგარეჯო-ბადიაურის გზის მონაკვეთის (17 კმ) სამშენებლო სამუშაოების ხანგძლივობა მოიცავს 30 თვეს, რასაც დაემატება დეფექტების შეტყობინების 24 თვე.

 

„აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად IBRD გამოყოფს სესხს 97.700,000 ევროს ოდენობით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

მსესხებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. პროექტს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

 

კომიტეტმა ​სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner