საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ კითხვაზე- როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა არჩევნებში, განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ არ უნდა ჰკითხონ ბიძინა ივანიშვილს აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
„საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ოჯახი, სადაც ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ლიდერი. ჩვენ ერთმანეთს არაფერს არ ვთხოვთ, გარდა კეთილი დამოკიდებულებისა, ერთად დგომისა. ბიძინა ივანიშვილი გამორჩეულია, ყველა დამეთანხმებით. არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს თვითონ და არ ჩაერევა ზედმეტად. მე არ მესმის, რატომ არ უნდა ვკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, ლიდერს, ყოფილ პრემიერს, უამრავი ინფორმაციის მფლობელ ადამიანს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.