კულტურის სამინისტრომ კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
-
+
3 მაისი. 2022. 00:49
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
- „ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნი", პროექტის განმახორციელებელი - ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი. გურამ ოდიშარიას რომანს „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურ ენაზე თარგმნის დაურ ნაჭყებია; დაურ ნაჭყებიას რომანს „ღამის ნაპირი“, აფხაზურიდან თარგმნის გურამ ოდიშარია. ორივე თარგმანი ერთ წიგნად გამოიცემა.
- „თანამედროვე ოსი მწერლის, მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა“, პროექტის განმახორციელებელი - ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა; მთარგმნელები - ნაირა ბეპიევი და ნინო პოპიაშვილი.
- დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, აფხაზურ ენაზე თარგმნის რიმა კინწურაშვილი, პროექტის განმახორციელებელი - ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 5-მა განმცხადებელმა მომართა.