ავტორი ოთარ კიკილაშვილი
ჟურნალისტი და გამომცემლობა "თბილისელები-პრინტის" დამფუძნებელი ოთარ კიკილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
30 წლის წინ, 1992 წლის 2 მაისს გაზეთ „დრონთან“ ერთად დაიბადა სამეცნიერო-ფანტასტიკური და საპოლიტიკო სტუდენტური გაზეთი „+-უსასრულობა“. გაზეთის გამოცემის იდეა ჩემს განუმეორებელ მეგობარს და ლექტორს ბატონ ალიკო ცინცაძეს ეკუთვნოდა. ერთი წლით ადრე ჩვენმა ინტერვიუმ სამეცნიერო-ფანტასტიკურ თემაზე ერთ-ერთ გაზეთში გაიმარჯვა და იდეაც მაშინ გაჩნდა. მაშინდელი „ახალგაზრდა ივერიელის“ ჟურნალისტის და ჩემი ლექტორის - ნინო კლარჯეიშვილის უანგარო და დიდი დახმარებით გაზეთის გამოცემა 1991 წლის შემოდგომაზე დაიგეგმა, თუმცა ცნობილმა მოვლენებმა ჩვენი გეგმები გადადო. ზაფხულში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო აქციები წლის ბოლოს თბილისში სახელმწიფო გადატრიალებით გაგრძელდა...
გაზეთის გამოცემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „+-უსასრულობა“ გამოიცემოდა სტუ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მიერ და რედაქციის მისამართად ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი გვეწერა. ერთი თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი წერილი მივიღეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან, რაიონიდან, სოფლიდან. ჩვენი წერილების რაოდენობა ბევრჯერ აღემატებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთარ ფოსტას. მახსოვს გეპეის ფოსტის თანამშრომლების გაოცებული სახეები, როცა დამინახავდნენ წერილების წასაღებად მისულს და ერთი და იგივე კითხვები: რას წერთ ამისთანასო.
1992 წლის დასაწყისში ხუნტის საწინააღმდეგო აქციები თბილისის ბევრ უბანში იმართებოდა, რომელსაც იარაღით სასტიკად შლიდნენ. მახსოვს, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ სტუდენტს გოჩა კელენჯერიძეს დიდი ხანი ვეძებდი სამედიცინო ინსტიტუტში. თავიდან მხედრიონელიც კი ვეგონე თანამშრომელ ქალებს და ჩემი მიზანი რომ ვუთხარი, მერე ერთ-ერთ აუდიტორიაში შემახვედრეს...
გაზეთის გამოცემა მრავალ სიძნელესთან იყო დაკავშირებული. იმხნად კომპიუტერზე აწყობა-დაკაბადონება ახალი ხილი იყო და მაშინდელ ცკ-ს გამომცემლობაში ლინოტიპზე იწყობოდა. ჯერ პასუხისმგებელ მდივანს უნდა მოემზადებინა მაკეტი. თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი მასალები ტყვიაზე უნდა ჩამოსხმულიყო. შემდეგ ეს ანაწყობი მეტრანბაჟესთან (დამკაბადონებელთან) მიდიოდა. სურათების ფირები ცალკე მზადდებოდა. ბოლოს სასიგნალო ეგზემპლარს მეტრანბაჟე დიდ ფურცელზე ამოიღებდა და კორექტორს გადაეცემოდა. ცხონებულ რეზო ხანთაძის საამწყობო საამქროში უამრავი გაზეთი თუ ჟურნალი მზადდებოდა და იყო დიდი ჟრიამული...
გაზეთის გამოცემაში ძალიან მეხმარებოდნენ ჩემი ბავშვობის საყვარელი საბავშვო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ (შემდეგში „ნერგის“) რედაქციის თანამშრომლები. დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოვხატო და მადლობა გადავუხადო ქალბატონებს: მარინე თექთუმანიძეს, ლინა ბარათაშვილს, ლუიზა ჭიკაძეს, ასევე აწგარდაცვლილებს მზია გამსახურდიას, ციალა ხუციშვილს, მედეა ღუდუშაურს, მზია კოჭლავაშვილს, ნათელა მეხრიშვილს. მთელ რედაქციას შვილივით ვუყვარდი და ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვიყავი მათთან სტუმრობით.
სამწუხაროდ, ქაღალდის დეფიციტი და ინფლაცია დიდ პრობლემებს გვიქმნიდა გამოცემაში. გაზეთის გაყიდვა დავიწყეთ 1.90 მანეთიდან და დავამთავრეთ 250 000 კუპონით. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ომი დაიწყო. თბილისში სრული ქაოსი იყო. ცნობილი უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, უტრანსპორტობა, კრიმინალი, სროლები ქუჩებში... ყველგან ვეძებდი საგაზეთო ქაღალდს. ლექციების შემდეგ მივდიოდი ინტერვიუზე, ბიბლიოთეკაში, მშრალ ხიდზე უცხოეთიდან შემოტანილი პრესის შესაძენად, მიტინგებზე. დღის ბოლოს კი უდენობის გამო (ძალიან ხშირად!!!) გაჩერებული ტროლეიბუსიდან, ტრამვაიდან, მეტროს გვირაბიდან ფეხით მივდიოდი გლდანის მერვე მიკრორაიონში სახლში...
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ოქტომბრის ბოლოს მოვამზადეთ და აფხაზეთის ომს მივუძღვენით გაზეთი. ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენაზე დაბეჭდილი „+-უსასრულობა“ სხვადასხვა არხებით უცხოეთში გავავრცელეთ. მახსოვს, მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუ, სადაც რესპოდენტმა თქვა „აფხაზეთის ომი მაშინ დამთავრდება, როდესაც დამთავრება ყარაბაღის, ტაჯიკეთის, იუგოსლავიის და ჩრდილოეთ კავკასიის ომებიო“...
გაზეთი 3 წლის განმავლობაში გამოიცემოდა და ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით მაშინდელი ყველა უმაღლესი სასწავლებელი მოგვეცვა...
რედკოლეგიის წევრები: ზეინაბ გიორგაძე, ვახტანგ მაისაია, მამუკა ხანთაძე, კახა მჭედლიძე, თენგიზ ჩობანიძე, ელგუჯა ჩიტაიშვილი, გია ჯვარშეიშვილი, გიორგი ნატროშვილი...