ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მართლა მიკვირს „რესპუბლიკელების" პოზიცია... თუ კოალიციაში რჩებიან, მაშინ ქორწინების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება უნდა ჰქონდეთ", -ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრისას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ „რეპორტიორს" განუცხადა.
პარლამენტარი ამბობს, რომ ქვეყნის უმაღლეს კანონში ახალი ჩანაწერის გაკეთება ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, არაა გამორიცხული, შეუძლებელი გახდეს.
„გაჭირდება ხმების შეგროვება, რადგან გარდა „რესპუბლიკელებისა", საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობის" ხმებიც. ჩემი ინფორმაციით, ნაციონალები მხარს არ დაუჭერენ ამ ცვლილებას. სამწუხაროა, თუ „რესპუბლიკელებიც" მხარს არ დაუჭერენ. ასე რომ, რთულად დგას საკითხი. ამიტომ უმჯობესია, მომავალ პარლამენტში ისეთი პარტიები შევიდნენ, რომლებიც ასეთ საკითხებზე კითხვის ნიშნებს არ დასვამენ - ეს უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
პარლამენტარი კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მხარს უჭერს და ამბობს, რომ ამ ცვლილებით დასრულდება ხელოვნურად წამოჭრილი აჟიოტაჟი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ.
„კარგი იქნება, კონსტიტუციაში თუ ეს ჩანაწერი გაკეთდება, რადგან სადავო აღარაფერი იქნება ამ თემის ირგვლივ. „რესპუბლიკელები" უნდა დაფიქრდნენ ამ საკითხზე, რადგან ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, რომ კიდევ ერთხელ არ მიეცეს ვინმეს საშუალება, ერთსქესიანთა ქორწინების თემა სპეციალურად ააგოროს.
ამ ცვლილების ინიციატორი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი იყო, როდესაც მან ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის ნიშნები დაინახა ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. ხელოვნური იმიტომ, რომ საქართველოში არავინ არ აპირებდა, არც აპირებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, მაგრამ ზოგჯერ სპეციალურად წამოიჭრება ხოლმე კონკრეტული საკითხები კონკრეტული ჯგუფების მიერ... კარგია, რომ გიორგი კვირიკაშვილი წინა პრემიერის ინიციატივას დაეთანხმა და ეს კურსი გააგრძელა", - განუცხადა „რეპორტიორს" გაჩეჩილაძემ.