„უკრაინა საქართველოსთან გამოუცხადებელ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ბოლო დროს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. დღე ისე არ გავა, რომ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, უარგუმენტო განცხადებები არ გააკეთონ“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს შეურაცხყოფა არავის უნდა ეპატიოს.
როგორც ჩიხელიძე აცხადებს, უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა, საეჭვოდ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას, ორივე ძალა საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულად იბრძვის:
„ფაქტია, საქართველო საერთაშორისო დონეზე უკრაინის ერთ-ერთი პირველი და გულმხურვალე მხარდამჭერია, რისი დანახვაც უკრაინაში არ სურთ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ვინმე მიხუილო პოდოლიაკი ყველაზე შორს წავიდა და საკუთარ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილს გადაწვდა, რომელმაც საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტები განახორციელა. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე შეუფასებელია. ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში მრავლად იყვნენ ივანიშვილის მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანები.
ხშირად მსმენია, რომ რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მათი წარმომადგენლის განცხადებები პასუხის გარეშე დავტოვოთ. არამც და არამც. საქართველოს შეურაცხყოფა არავის უნდა ეპატიოს! ომს გამამართლებელ და მართებულ არგუმენტად ვერ მივიღებ! მოვუწოდებ მთავრობას, უკრაინელთა მხრიდან გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე ჰქონდეთ მკვეთრი და მკაცრი რეაგირება. ნათლად იკვეთება, რომ უკრაინული მხარე მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას ემსახურება.
P.S. უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა, საეჭვოდ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას, ორივე ძალა საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულად იბრძვის“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.