უკრაინის ხელისუფლების მორიგი შეტევა საქართველოს- ამჯერად მიხაილ პოდოლიაკის ავტორობით. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკს მოუწია აღიარება, რომ უკრაინის მხრიდან მძიმე ბრალდებები სანქციებზე, მხოლოდ ვარაუდებია და მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ტრიბუნაზე რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციის მხარდამჭერი და თანასპონსორია, პოდოლიაკი ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ვერ ხედავს.
მიხაილ პოდოლიაკი, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყენებს. საუბრობს რუსეთთან კავშირზე და მეტიც, ქართველ ხალხს კონკრეტულ მითითებებს აძლევს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანას საქართველოს, ტერიტორიების დაცვას ასწავლის და ქართველობის არსზეც საუბრობს.
ოპოზიციის ნაწილი მიხაილ პოდოლიაკის ნარატივში ზის. ისინიც უკრაინის მიმართ ხელისუფლების პოზიციონირებას იწუნებენ. ერთადერთი ლევან იოსელიანი იყო, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება მძიმე ბრალდებებზე ფრთხილად უნდა იყოს.
მმართველი გუნდისთვის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებები სამარცხვინოა. ამბობენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან მიზანმიმართული და დაგეგმილი შეტევა მიმდინარეობს, რაც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას უკავშირდება. უმრავლესობის განცხადებით, პოდოლიაკისგან კონკრეტული მითითებები მინიმუმ, არასწორია.
მიხაილ პოდოლიაკს განათლება ბელარუსში აქვს მიღებული, დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა საქმიანობა ჟურნალისტიკაში დაიწყო. 2006 წელს პიარ კომპანია შექმნა და უკრაინელ, რუს და ბელარუს პოლიტიკოსებს ემსახურებოდა. უკრაინული მედია წერდა რომ მისი მომსახურებით სარგებლობდა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი იური ივანუშენკო, რომელსაც დონბასელ კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებენ და რომელიც დაახლოებული პირი იყო ვიქტორ იანუკოვიჩთან. პოდოლიაკი თავად იანუკოვიჩისთვისაც მუშაობდა და მას გულწრფელ ადამიანად ახასიათებდა. მიახილ პოდოლიაკი ბელარუსში თანამშრომლობდა კაგებესთან და ინტერვიუში თავად აღიარებს, რომ ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებთან. „მე საქართველოს წინააღმდეგ ვიბრძვი რუსეთისთვის და ამავდროულად პირიქით“ „ ჩემთვის კარგი და ცუდი პოლიტიკოსები არ არსებობენ, მთავარია, კარგი დამკვეთი იყოს“ ეს თავად პოდოლიაკის სიტყვებია. ის ამბობდა, რომ ჰქონდა ბიზნესი რუსეთში, ასევე ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს და საქმე მხოლოდ ფულშია. მის ბიოგრაფიაში 2017 წელს გამოქვეყნებული ე.წ ფეიკ მასალაც იძებნება, რომელიც თითქოს ლიეტუვისა და უკრაინელი პრეზიდენტების დაპირისპირებას ასახავდა. და ბოლოს, ამჟამინდელ უფროს ანდრეი ერმაკსს, მიხაილ პოდოლიაკი თავის დროზე ზელენსკის ზურგს უკან მდგარ ბნელ დემონს უწოდებდა, ახლა კი სწორედ მისი მრჩეველია.