უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს, თუ არ იქნება გამონაკლისი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს მილსადენებით ახორციელებენ.
უნგრეთი, რომელსაც ნავთობის 2/3 და გაზის 80%-ზე მეტი რუსეთიდან შემოაქვს, დიდი ხანია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ემბარგოს რუსულ წიაღისეულ საწვავზე.
„ამჟამინდელი ფორმით ბრიუსელის სანქციების პაკეტის მხარდაჭერა შეუძლებელია, ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას. უნგრეთი ამ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ ნედლი ნავთობის მილსადენით იმპორტი გათავისუფლდებოდა შეზღუდვებისგან. მაშინ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება შენარჩუნდეს. ახლა ეს შეუძლებელია. უნგრეთის ენერგომომარაგება ამჟამად დაცულია, მაგრამ სანქციების ეს პაკეტი მთლიანად გაანადგურებს ამ უსაფრთხოებას. შეუძლებელი იქნება ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც უნგრეთის ეკონომიკას სჭირდება“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს
ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა მოხდეს.
სანქციების ახალი პაკეტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.