“მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად სახელმწიფოს დისკრედიტაციას და ეს მრავალმხრივ ფრონტზეა გაშლილი. აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ექსპრეზიდენტის, ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარება,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მასზე მუდამ ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.
„ჟღერდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იგი არ იღებს სათანადო მკურნალობას და მას არ ეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება და ამაზე პოლიტიკოსები საუბრობენ. ჩვენ პირველ რიგში მოსახლეობის წინაშე უნდა ვიყოთ პირნათელი და უნდა ვთქვათ, რომ მისი შემოსახლების დღიდან მასზე მუდმივად ზრუნავდა და ახლაც ზრუნავს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი.
როდესაც მას დასჭირდა, იგი გადაყვანილი იყო №18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, შემდეგ გორის კლინიკაში და ჩვენ ისიც გავასაჯაროვეთ, რომ გამოკვლევების ჩატარების მიზნით ასევე გადაყვანილი იყო ერთ-ერთ მულტიპროფილურ კლინიკაში. მასზე მუდამ ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ის ღებულობს გარკვეულ მედიკამენტებს და გადის მედიკამენტოზური მკურნალობის კურსს, თუმცა იგი შერჩევით იღებს ამ მედიკამენტებს. თავისივე სურვილით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს.
მერე დაიწყო კამპანია იმის შესახებ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდებოდა საკვები, რაც ასევე მტკნარი სიცრუეა. მას აქვს სამჯერადი კვება, ისევე, როგორც ნებისმიერ პატიმარს, ასევე შეუძლია შეიძინოს საკვები პროდუქტი ციხის მაღაზიაში და იგი ასევე რეგულარულად იღებს ამანათებს იმ პირებისგან, ვინც წარმოადგნენ მისი ახლობლების წრეს.
მას არ შეზღუდვია არც მედიკამენტოზური მკურნალობა ჩვენი მხრიდან და მას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ მიიღოს ნებისმიერი სახის საკვები, რაც მას უნდა. გარდა ამისა, მას აქვს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლება, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით იგი ამ უფლებას არ იყენებს. მასთან იყო დაახლოებით 800 ვიზიტორი და როდესაც ვინმე მის წამებაზე საუბრობს, ამ შემთხვევაში არავინ შეუშვებდა ამდენ ვიზიტორს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.