logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ჩემთვის ძალიან საინტერესო და პრინციპულია, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ნინო ლომჯარია იყოს სრულიად აპოლიტიკური
- +

5 მაისი. 2022. 00:39

 

 

“ჩემთვის ძალიან საინტერესო და პრინციპულია, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ნინო ლომჯარია იყოს სრულიად აპოლიტიკური და მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქალბატონი ლომჯარია არის სახალხო დამცველი და მისი მანდატი არის ამ ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვაზე ზედამხედველობა.

 

„რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, რომ დასვას კითხვები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ დროს, იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს, ვალდებულები ვართ ვუპასუხოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ნინო ლომჯარიამაც და ნებისმიერმა სხვა ინსტიტუციამაც, რადგან ისინი დაინტერესებული არიან ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით, უნდა ითანამშრომლონ, როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პირთან, რომლის პირდაპირ ინტერესსაც წარმოადგენს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური.

 

ჩვენ აღვასრულებთ კანონსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ქალბატონი ნინო ლომჯარია ამას ზედამხედველობს. არ ვიცი, რა ქვენა გრძნობა შეიძლება იყოს მისი ქმედებების უკან, თუმცა იგი ამ საკითხებით საკმაოდ დაინტერესებულია. შესაძლოა, ვინმემ ისაუბროს გარკვეულ ტენდენციებზე, მის პოლიტიკურ პრეფერენციებზეც, თუმცა პირადად მე, როგორც იუსტიციის მინისტრს, ნამდვილად არ მაინტერესებს თუ რომელი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს ნინო ლომჯარია საკუთარ არჩევანს, როდესაც ის საარჩევნო ყუთთან მივა, თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესო და პრინციპულია, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ნინო ლომჯარია იყოს სრულიად აპოლიტიკური და მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner