რატი ბრეგაძე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა: „არ არსებობს არგუმენტი, შენ ადამიანს ციხეში კლავდე, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი, დიახაც, უნდა იყოს ტყვეობაში“. იუსტიციის მინისტრმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს მისი პოლიტიკური პარტიის როს ციხეებში არსებული ვითარება შეახსენა.
„როდესაც ციხეში ადამიანების მკვლელობაზე საუბრობს ბატონი მელია, უნდა ვთქვა ერთი რამ - მათ დროს ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. როდესაც ერთ საკანში იყო 30 და 35 ადამიანი და მათ ჩამოჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ, არა თუ დაწოლის და ადეკვატური მკურნალობის მიღების. და როდესაც ეს ადამიანი და ნებისმიერი მისი პარტიული მეგობარი საუბრობს, რომ თითქოსდა ციხეში ვინმეს კლავენ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მას ვურჩევდი, კარგად ჩაიხედოს პოლიტიკურ სარკეში და დაინახავს მისი, როგორც პოლიტიკური მოღვაწისა რეალურ სახეს“, - განაცხადა ბრეგაძემ.