თურმე მალდივების კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი სააკაშვილი და იქ ექნება მას გარემოსთან შემგუებლობა. თურმე გარემოსთან შემგუებლობა ყოფილა პრობლემა, რომელიც დეპრესიისკენ უბიძგებს ადამიანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვერავინ იტყვის, რომ დღეს სააკაშვილის რამე უფლება არის დარღვეული.
„ეს ადამიანი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, დიახ, სამწუხაროდ ეს ასეა. თუნდაც ყოფილი პოლიტიკური პოზიცია გავალდებულებს, რომ ასეთი ოხუნჯობა არ უნდა მოიგონო და ასე კომიკურად არ უნდა მოექცე საკუთარ თავს, გნებავთ საკუთარ ამომრჩეველსა და პარტიას.
გახსოვთ, თავიდან შიმშილობდა, შემდეგ თაფლსა და შოკოლადს მიირთმევდა, დიეტის მაგვარი იყო. როდესაც გორის ჰოსპიტალში იყო, „უვადო შიმშილობა“ და მსგავსი განცხადებები გააკეთა და ახლა ვხედავთ მესამეს. ვინ აუკრძალა სააკაშვილს რაიმე საკვების მიღება?
ექიმები განცხადებებს აკეთებენ, რომ თურმე მალდივების კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი სააკაშვილი და იქ ექნება მას გარემოსთან შემგუებლობა. თურმე გარემოსთან შემგუებლობა ყოფილა პრობლემა, რომელიც დეპრესიისკენ უბიძგებს ადამიანს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი ადამიანი მანახეთ, ვინც ამ მწარე პოლიტიკურ რეალობაში თავის თავს ხედავს და ვინც იტყვის, რომ დღეს სააკაშვილის რამე უფლება არის დარღვეული. სააკაშვილს ვინმე რაიმე საკვების მიღებაზე ეუბნება უარს?
არიან პირები და პარტია, რომელიც სააკაშვილს ეუბნებიან, რომ შენ თუ არა ჩვენ ხელისუფლებაში არამც თუ ვერ მოვალთ, არამედ ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში საერთოდ გავქრებით. გაცხელებული თავები როგორმე უნდა გაიგრილონ და უთხრან, რომ დაბრუნდი რეალობაში და ის კი არ უნდა უთხრან, რომ დღეს ამ ფორმით, სუიციდისკენ მიმართული ნაბიჯები და დეპრესიისკენ მიმავალი ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.