ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ინტერფაქს უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება, ათვლის წერტილი გახდება უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის.
„ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით დავუჭიროთ მხარი, ეს საკმარისი არაა – საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა ფული, ძლიერი კოორდინაცია და გვჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გვსურს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალ დონორს მივცეთ შესაძლებლობა, გამოავლინოს დემონსტრირება უკრაინის მიმართ“, – განაცხადა მიშელმა.
მიშელმა ასევე დაასახელა სამი პრიორიტეტი და სამი მიზანი, რომელსაც ის სატრასტო ფონდის გამოსაყენებლად ხედავს. პირველი, ჰუმანიტარული დახმარება. მეორე მიზანი – ლიკვიდურობა და მესამე – ქვეყნის აღდგენა.
მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტებითა და კრედიტებით, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის დონის შენარჩუნება მაქსიმალურ დონეზე.
შარლ მიშელის თქმით, სატრასტო ფონდის იდეა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფონდი რაც შეიძლება მალე უნდა გააქტიურდეს.
უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო დონორთა კონფერენცია პოლონეთსა და შვედეთში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება.