ესპანეთში უკრაინელი პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი დააკავეს, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, ესპანეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა შარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გენერალური პროკურორის ოფისთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად 4 მაისს დააკავეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ანატოლი შარის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს – სახელმწიფო ღალატი და რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაცია.
„დაკავება მორიგი მტკიცებულებაა, რომ უკრაინის ყოველი მოღალატე ადრე თუ გვიან დამსახურებულ სასჯელს მიიღებს. ეს გარდაუვალია“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ ანატოლი შარი საინფორმაციო სფეროში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. „არის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ანატოლი შარი მოქმედებდა უცხოური სტრუქტურების დაკვეთით“, – აღნიშნეს უსაფრთხოების სამსახურში.