თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი სამიმოსვლო ბილიკისა და მოსაბრუნებელი მოედნის მშენებლობა დასრულდა. ახალი ინფრასტრუქტურის ოფიციალურ გახსნაში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მთავარი აეროპორტი უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს.
აეროპორტის ახალ ინფრასტრუქტურა აღიჭურვა თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემით, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.
პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. ჯამში, დღეიდან აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ და აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ უზრუნველყო.