logo_geo
eng_logo
პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა
- +

5 მაისი. 2022. 21:25

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა სერგეი ლავროვის კომენტარის გამო, რომ ადოლფ ჰიტლერს „ებრაული სისხლი ჰქონდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარის გამო და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შესახებ შეხედულების გარკვევისთვის“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

2 მაისს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა მისი რუსი კოლეგა დაგმო მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს „ებრაული სისხლი ჰქონდა“.

ლავროვმა აღნიშნული განცხადება იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის ებრაელობა არ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მტკიცებას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქვეყნის „დენაციფიკაციას“ ისახავდა მიზნად.

„ეს უპატიებელი და სკანდალური კომენტარია. ეს საშინელი ისტორიული შეცდომაა და ბოდიშის მოხდას ველით. ებრაელები ებრაელებს არ კლავდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა მიმართ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმაა თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner