თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, საკრებულოში აჰმედ ჯავადის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება „აჰმედ ჯავადი-კალმის უკვდავი რაინდი“ საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ გახსნა, რომელმაც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.
აჰმედ ჯავადის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანისა ჰიმნით გაიხსნა. საღამოს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის დირექტორი, ლეილა ალიევა უძღვებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პოეტის 130 წლის იუბილე მიულოცა.
„დღეს ვიხსენებთ დიდ აზერბაიჯანელ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს აჰმედ ჯავად ახუნდ ზადეს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთმა შემოქმედმა შექმნა მჭიდრო კულტურული კავშირი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის. დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ გამოვხატოთ და დავადასტუროთ კეთილმეგობრული დამოკიდებულება აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ.“ განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის ელჩის პირველი მოადგილე ელდარ ბაირამოვი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი მერაბ ჩუხუა, მწერალი/თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის აპარატის უფროსი ირაკლი შამათავა, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
აღსანიშნავია, რომ აჰმედ ჯავადი აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, დაწერილი აქვს არაერთი ლექსი საქართველოზე და ასევე აზერბაიჯანული ჰიმნის ტექსტის ავტორია.