„ჯორჯიან ეირვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი საავიაციო სფეროში ბიზნესმენ ძმები კოდუების საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მათ არაერთ დანაშაულში ამხელს.
გაიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში ცოტა თუ მოინახება ისეთი, ვისაც მიმდინარე პროცესები არ აწუხებს, მაგრამ ამ საყოველთაო დაძაბულობის ვითარებაშიც კი არსებობენ აღვირახსნილი ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ პირადი (თანაც, უზნეო და ამორალური) ინტერესები ასულდგმულებთ, და რაკი, ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე თითქმის ყველაფერი ეპატიათ, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულნი, საზოგადოების შემაწუხებელ საქმიანობას არ ეშვებიან. დრო გადის, თაობები და ხელისუფლებები იცვლებიან, ისინი კი ბინძურ თამაშებს განაგრძობენ.
ძმებ კოდუებზე ვსაუბრობ.
მოგეხსენებათ, რომ საფრენოსნო ავიაცია მაღალტექნოლოგიური დარგია და, ამავე დროს, მომეტებული საფრთხის შემცველიცაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ავიაცია, როგორც ულამაზესი სანახაობა ბევრს იზიდავს, აქ არ არის ადგილი მოყვარულებისა და დილეტანტებისთვის, რომლებსაც ეს დარგი კინოფილმებიდან ან, უკეთეს შემთხვევაში, თვითმფრინავის ილუმინატორიდან უნახავთ. ამ დარგს ხშირად იმ კატეგორიის ადამიანებიც ეტმასნებიან, რომლესაც ეჩვენებათ, რომ ეს მარტივი და მომგებიანი ბიზნესია. ასე მოუვიდათ კოდუებს, რომლებმაც ოცდახუთი წლის წინათ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავებით ეთამაშათ, ანუ ხალხის სიცოცხლით ეთამაშათ და ეს ყოვლად გაუმართლებელი მიდრეკილება დღემდე შემორჩათ. მათ სამოქალაქო ავიაცია „იყიდე-გაყიდე“ დონის ბიზნესი ჰგონიათ, სადაც, მათი აზრით, წესების გარეშე თამაში დასაშვებია. ხელისუფლებასა და მთავრობაში კი (არც ძველებსა და არც ახალში) ამ ხნის განმავლობაში ისეთი არავინ გამოჩნდა, ვინც ეტყოდა მათ, – შეჩერდით, ეს არ არის თქვენი საქმე, გეყოფათ თამაში, კმარა თქვენი სახიფათო გატაცება!
ავიაცია განსაკუთრებით გიორგი კოდუას იტაცებს. მისი ეს სიყვარული ინფანტილური ბუნებიდან, გონებრივი უმწიფრობიდან და არამყარი ფსიქიკიდან მოდის. ერთგვარად მესმის კიდეც მისი ოჯახის წევრებისა, რადგან ამ საქმეში ხელისშეშლამ შესაძლებელია მას ფსიქიკა უფრო დაუზიანოს, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა იფიქრონ თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს ავიაციით ამ დილეტანტურ თამაშს ადამიანებისთვის, უდანაშაულო მგზავრებისთვის.
მოკლედ რომ ვთქვათ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.
კოდუები საქართველოში ცნობილი არიან უკეთური საქმეებით, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი, თითქმის ყოველთვის ეპატიათ. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, დაწყებული, გადასახადების დამალვით და, დამთავრებული, ოჯახური ძალადობით, ქონების გამოძალვით, წართმეული მანქანებით, შენობების მიტაცებით (მრავალი შენობა ჭავჭავაძის პროსპექტზე, „პირიმზის“ ცნობილი შენობა და უამრავი სხვა), რაზეც რატომღაც პასუხს არავინ თხოვთ. ერთი სიტყვით, ყოველგვარი სიბინძურის მკადრებელმა ძმებმა კოდუებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეკვეთილ ტელესიუჟეტში, რომელიც თითქმის ყველა ოპოზიციური ტელეარხით გადაიცა, საავიაციო ხელისუფლებასა და ჩემზე ბინძური თავდასხმა განახორციელეს და ცილი გვწამეს, არც მეტი, არც ნაკლები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში. თქვეს ისიც, რომ მე თურმე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ახლობელი ვყოფილვარ და ამიტომ დაუნიშნავს მას ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ბ-ნი გივი დავითაშვილი, რომელიც იქამდე „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორად მუშაობდა. მერე რა თუ ბ-ნი დავითაშვილი თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დროს კი არა, პრემიერ-მინისტრ ბახტაძის დროს დაინიშნა. აშკარა სიცრუე, ტელეეთერში გასვლის შემდეგ, საქართველოში ხომ „ბაჯაღლო ჭეშმარიტებად“ იქცევა-ხოლმე. „ჯორჯიან ეარვეისში“ ბევრი ადამიანი მუშაობდა, მრავალი ახალგაზრდა დაეუფლა ამ მაღალკვალიფიციური დარგის სპეციალობებს და ბევრი მათგანი სხვა და სხვა მიმართულებით აგრძელებს საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, რადგან კერძო სექტორიდან სახელმწიფო სამსახურში გადასვლა კანონმდებლობით არ იკრძალება. რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან მოვიდა სახელმწიფო სამსახურში, მთავარია იგი პროფესიონალი იყოს და მისთვის დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდეს. სამწუხაროდ, ძმები კოდუები ისე გათავხედდნენ, რომ უკვე სახელმწიფო სამსახურებზეც მიაქვთ იერიში და საკადრო პოლიტიკაში ხელის ფათურსაც არ ერიდებიან.
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და შესაბამის სამსახურებს, რომ აღკვეთონ ამ ყოვლისმკადრებელი ძმების დაუოკებელი პარპაში. თავიდან ბოლომდე შეისწავლონ მათ მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, რათა მათ დამსახურებისამებრ მიეზღოთ.
რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, მან არსებობის 30 წელიწადის განმავლობაში ურთულესი გზა გამოიარა, რადგან ქართულმა სახელმწიფომაც ანალოგიური გზებით იარა. ეს არ არის მოგებაზე ორიენტირებული ჩვეულებრივი ბიზნესკომპანია, ეს არის კომპანია, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ემსახურებოდა ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, დღემდე. ამ ხნის განმავლობაში მრავალი უსამართლობა გადაგვიტანია, რაც მაღალი თანამდებობის პირების აშკარა თავგასულობასა თუ კომპანიის წინააღმდეგ წარმოებულ ფარულ დაპირისპირებაში გამოიხატებოდა. ყოფილა კრიმინალური გარჩევებიც და უკანონო პატიმრობებიც. ჩვენზე ბოლო შეტევა არცთუ დიდი ხნის წინათ, 2020 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელდა, რომელმაც ჩვენს ხარჯზე მოსახლეობის წინაშე ქულების ჩაწერა გადაწყვიტა. იმ დროს, როდესაც უცხოური ავიაკომპანიები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ, ჩვენ – ქართულ ავიაკომპანიას, სამართლიან პირობებში ჩვენი ჩაყენებისთვის ბრძოლა გვიწევდა. ყოველივე ამას ვუძლებდით და მომავალშიც გავუძლებთ, მაგრამ სახელმწიფომ, რომელსაც ერთგულად ვემსახურებით, ძმები კოდუების დამნაშავე კლანისა და მათი მსგავსი შარლატანების ცილისწამებისგან მაინც უნდა დაგვიცვას, რადგან ეს სახელმწიფოს კონსტიტუციური მოვალეობაა“, – აცხადებს გაიაშვილი.