ავტორი მზევინარ ხუციშვილი
სტომატოლოგიაში მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება, არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხის, არამედ ესთეტიკური მხარის გარანტიაცაა. ჩვენ ერთდროულად ვიღებთ, ჯანმრთელობას და სილამაზეს. ამასთან ერთად, მკურნალობა უფრო უმტკივნეულო და სასიამოვნოა.
სტუმარი - ეკონომისტი, სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ცენტრი მედისონის“ დამფუძნებელი სოსო გოგინაშვილი:
ჩვენი პირველი სტომატოლოგიური კლინიკა „იეს დენტი“ 2011 წელს კახეთში, გურჯაანში გაიხსნა. მაშინ, ბანკი „რესპუბლიკის“ ცენტრალური ფილიალის, პირველი სერვისცენტრის სალარო საოპერაციო ჯგუფის უფროსი ვიყავი. კლინიკის გახსნის სურვილი მას შემდეგ გაჩნდა, როცა ექიმმა ლამის ფატალურ შედეგამდე მიმიყვანა. შევპირდი საკუთარ თავს, რომ მექნებოდა შესაძლებლობა და აუცილებლად გავხსნიდი ისეთ სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირდებოდა. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, გურჯაანში მაინც გავხსენი საკმაოდ მაღალი სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა და ჩემი ცხოვრება, დრო მთლიანად ამ მიმართულებას დავუთმე. ვმუშაობ მენეჯმენტში, ვაკონტროლებ ხარისხს და რაც მთავარია, მაქსიმალურად ვარ ჩართული პაციენტის მკურნალობაში. შემიძლია თავისუფლად ვთქვა , რომ თერთმეტი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მიღწევები გვაქვს.
წინააღმდეგობები...
პირველი წინააღმდეგობა, რაც კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით შემხვდა, იყო - ეს სხვა დონის კლინიკაა და რაიონს ასეთი კლინიკა არ სჭირდება. წინააღმდეგობა იყო ადგილობრივი ექიმებისგანაც. ჰქონდათ პროტესტი, რადგან ჩვენ სერიოზულ კონკურენციას ვუწევდით. კლინიკა თანამედროვე ტექნიკით აღვჭურვეთ. ბევრი დანადგარი, რომელიც ჩავიტანეთ, მაშინ რაიონში საერთოდ არ არსებობდა. შევქმენით ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლინიკა. ფასთან შედარებით, ხარისხიც უმაღლესი გვქონდა. ჰელიოპლომბები, რომლებიც თბილისშიც კი რამდენიმე კლინიკაში იყო, ჩვენ გურჯაანში გვქონდა. ვაკეთებდით იმპლანტებს, როცა 2011 წელს თბილისშიც კი, ერთეულ კლინიკებში კეთდებოდა. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სხვა კლინიკებში არ კეთდებოდა სტერილიზაცია, იარაღები არ ჰქონდათ შეფუთული, არ ჰყავდათ სტერილიზაციის ექთანი და ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებდა. ჩვენი კლინიკა კი სპეციალიზირებული იყო. თერაპევტი, ორთოპედი, ქირურქი, ყბა-სახის ქირურგია, იმპლანტაცია, ყველა მიმართულებით, კონკრეტული დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ. თავიდან მოსახლეობასაც გაუჭირდა თითქოს შეგუება, მაგრამ მაინც დავამკვიდრეთ ჩვენი სახელი.
თუმცა, კლინიკა დაიხურა...
ოთხი წლის წინ, ვარშავაში მიმიწვიეს კლინიკის ხელმძღვანელად. ჩემი დროის სიმცირის გამო, სამწუხაროდ, გურჯაანში კლინიკა სამი წლის წინ დაიხურა. მე არ მინდა საქმე, რომელსაც პირადად ვერ ვაკონტროლებ და სადაც, მაქსიმალურად არ ვარ ჩართული. ჩემს გარეშე, კლინიკამ ერთი წელი იარსება, მაგრამ ისე არა, როგორც მე მინდოდა. შესაბამისად, მივიღე მისი დახურვის გადაწყვეტილება. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია არა უბრალოდ კლინიკის არსებობა, არამედ კმაყოფილი და ბედნიერი პაციენტი. ჩემი ცხოვრების პირადი მიზანია, ვემსახურო ადამიანებს და 2011 წლიდან დოპინგივით მაქვს ადამიანებისთვის ლამაზი ღიმილის შექმნა.
კლინიკის გუნდი...
თბილისში ჩვენი კლინიკა 2012 წელს ჯერ საბურთალოს რაიონში გაიხსნა, შემდეგ კი, ცენტრალური ფილიალი ვაკის რაიონში. უახლოეს მომავალში, კიდევ ერთ ფილიალს ბათუმში გავხსნით. პაციენტებში დიდი ნდობით ვსარგებლობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკის შესახებ არაერთი სიუჟეტი მომზადდა, პაციენტიდან პაციენტზე გადაცემული ნდობა უფრო დიდია. რაც ჩვენც სტიმულს გვაძლევს.
სამწუხაროდ, დამკვიდრდა ტენდენცია, რომ თუ ადამიანი სახელს მოიხვეჭს, მერე განვითარებაზე აღარ ფიქრობს. ჩემი გუნდის ყველაზე მთავარი პლუსი სწორედ ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის განვითარებაზე ვფიქრობთ. გურჯაანშიც კი ექიმები თბილისიდან ჩადიოდნენ, რომლებიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია საქმისადმი სიყვარული. თუ ხედავ, რომ ადამიანი განვითარებაზე ფიქრობს, მას აუცილებლად უნდა დაეხმარო. ამიტომ ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს და ჩართულნი ვართ სხვადასხვა მასტერ კლასებში თუ ტრენინგებში. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
ყველაზე პრობლემური პაციენტი...
პირადად ჩემთვის, ჩემი საქმე არასდროს ყოფილა ბიზნესი. ის ჩემი ცხოვრების მიზანია და როცა დავიწყე ეს საქმე, ყველაფერი ვისწავლე და წავიკითხე სტომატოლოგიაზე. საერთოდ ყველაფერი, რაც პირის ღრუსთან არის დაკავშირებული. ვერცერთი კლინიკა ვერ იტყვის, რომ პრობლემური პაციენტი არ ჰყოლია. შესაბამისად, ჩვენც გვყავდა. მაგრამ, 2011 წლიდან დღემდე, ყველა არსებული პრობლემა აუცილებლად ჩემთან ერთად განიხილება. ჩემთან ერთად ტარდება კონსილიუმი და გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, პაციენტს ყურადღება მივაქციოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე პრობლემური პაციენტი, რომელიც გვყავდა, დღეს ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანია.
ეს საქმე მარტომ დავიწყე და დღემდე მარტო მოვედი. არასდროს მინანია, რომ ეს გზა ავირჩიე. ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი დეპრესიაში, როცა ორი წლის წინ, მამა გარდამეცვალა. სამი თვე კლინიკაში არ გამოვედი და მივხვდი, ყველაზე მთავარი, რაც ამ დროის განმავლობაში მაკლდა, კმაყოფილი პაციენტების ღიმილი და მათი მადლობაა. ეს არის ჩემი სტიმული.
კლინიკის მომსახურება...
პაციენტს ჩვენთან შეუძლია ყველა სახის მომსახურება მიიღოს: თერაპია, ორთოპედია, ყბა-სახის ქირურგია, ძვლის გადანერგვა, ბავშვთა სტომატოლოგია. რაც მთავარია, ჩვენ გავხდით საქართველოში გერმანული წარმოების პრემიუმ ხარისხის ჰიბრიდული „DXL Medical“ იმპლანტის წარმომადგენლები. საერთოდ, ბევრი სახის იმპლანტია წარმოდგენილი, ჩვენ ამით განვსხვავდებით და გამოვირჩევით. ეს არის გერმანული კომპანია, გერმანიაში დამზადებული პროდუქტით და გადანერგვის ლიცენზიაც გერმანიაშია გაცემული. ჩვენთან გაკეთებული იმპლანტები, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ გადაამოწმონ. ასევე, ჩვენ გავხდით ამერიკული „აზდენტის“ ოფიციალური წარმომადგენლები. უნდა ავღნიშნო, რომ ორივე პროდუქტის ფასი ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.
ევროპა და საქართველო...
ერთნაირად ვმუშაობთ ევროპაშიც და საქართველოშიც. მაგრამ, ევროპაში ადამიანური ფაქტორი ნაკლებად მოქმედებს. იქ ადამიანები თვლიან, რომ მათ ეკუთვნით კარგი მომსახურება და ის შესაბამის დონეზე უნდა მიიღონ. ხშირად, მადლობასაც ვერ ეღირსები. ქართველი პაციენტი უფრო მადლიერია. ამიტომ, აქ უფრო მიყვარს მუშაობა და ძირითადად საქართველოში ვარ.
რჩევა...
მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვურჩიო ადამიანებს, აუცილებლად გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაციები. არის რეკომენდაციები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება.