logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ეს არის პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა!
- +

8 მარტი. 2016. 14:23



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციით განსაზღვრის საკითხზე კომენტარს აკეთებს. მისი განმარტებით, პროცესს რესპუბლიკური პარტია ემიჯნება.

 

„ცალსახად ითქვა, რომ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე არანაირი თემა არ განხილულა, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის გარდა. პოლიტსაბჭოს ამ სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობა არ იყო. მე გახლდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დიახ, „რესპუბლიკელიც" ვარ, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიამ პოლიტსაბჭომდე განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერ სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით ნაკლული სამართლებრივად არ არის. თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს შიგნით, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ცვლილების ინიცირება ხდება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა, კონსტიტუციას რაღაც აკლია, ხოლო თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვტოვებთ პრობლემას კიდევ უფრო გამრავლებულს და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება.

 

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა. ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში.

 

ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და რომლის ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობისა და საეჭვო მიზნების თემით. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს ემსგავსება. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და რესპუბლიკური პარტია ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner