2022 წლის 6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დიეგო კოლასი მიიღო. ფრანგმა დიპლომატმა ილია დარჩიაშვილს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის - ჟან-ივ ლე დრიანის მისალოცი წერილი გადასცა, რომელშიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს მზადყოფნას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის და დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ - ფრანგული დიალოგის პლატფორმის შემდგომი განმტკიცების სურვილს გამოთქვამს.
შეხვედრისას, მხარეები მიესალმნენ განსაკუთრებულად ახლო და მეგობრულ ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ სტრატეგიულ მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს, რომელიც მ/წელს აღინიშნება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნას ასევე ულოცავს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ანალენა ბერბოკი:
„გასული 30 წლის მანძილზე საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა. საქართველომ მრავალი რეფორმა განახორციელა და იგი თანმიმდევრულად მისდევს ევროკავშირთან დაახლოების მიზანს. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავის ოფიციალურ მიმართვაში.
ასევე, ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევა - მარია ლიიმეტსი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის მზაობას გამოთქვამს.
„მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის საკითხებზე და იმედი მაქვს, გაგრძელდება ღირებული და კონსტრუქციული თანამშრომლობა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის“, - წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი მისალოც წერილში.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნასიო კასისმა ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობა ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.