უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთისთვის ენერგომატარებლების სანაცვლოდ ფულის გადახდა გაგრძელდება, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაკვეთენ რუსული ჯარები ევროკავშირის საზღვრებს. ამის შესახებ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში (Chatham House) ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ნებისმიერ ქმედებებში, მათ შორის სასანქციო პოლიტიკაში ყველაზე მთავარი გამჭვირვალობა და სამართლიანობაა.
„არაა საჭირო, იყოთ ცოტათი კარგები და ცოტათი ცუდები, მარჯვენა ხელით აწესებდეთ სანქციებს, მარცხენა ხელით კი რუსეთთან ახალ კონტრაქტებს აფორმებდეთ. ეს ნამდვილად მიუღებელია ომის დროს. ეს ფარისევლობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკიდან დღეში მილიარდ დოლარს იღებს. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საბოლოო ჯამში რუსულ ენერგომატარებლებზე სრულ ემბარგოს დააწესებს.
„თუ რომელიმე ენერგომატარებლის გარეშე არ შეგიძლიათ, თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ, შეთანხმდით. არაა საჭირო ცალკეული ქვეყნების მხრიდან გამონაკლისების დაშვება, ერთიანად მოქმედებაა საჭირო. ამაშია გაერთიანებული ევროკავშირის მნიშვნელობა, ესაა ევროპული კავშირის აზრი“, - ამბობს ზელენსკი.