პარასკევს მარიუპოლის „აზოვსტალიდან“ 50 ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა „ფეისბუქში“ დაწერა.
„დღეს ჩვენ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განვახორციელეთ. უკანა გზაზე ხალხის აყვანა „პორტ-სიტიში“ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რადგან სრული კოლონა იძულებული იყო, „აზოვსტალთან“ მდგარიყო. იქ იყო შეტაკებები და სხვა პროვოკაციები. მტერი მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს. ამიტომ ევაკუაცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა. თუმცა დღეს ჩვენ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ 50 ქალის, ბავშვისა და მოხუცის გამოყვანა. ხვალ დილით ევაკუაციის ოპერაციას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.
ირინა ვერეშჩუკის თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წარიმართება, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე „პორტ-სიტიში“ ავტობუსები იდგება, რომლებიც ხალხს ბეზიამინში მიიყვანს. ხალხი „პორტ-სიტიდან“ შეუერთდება „აზოვსტალის“ კოლონას, რომელიც მეორე დღეს ზაპოროჟიეში გაემგზავრება.