უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიპლომატიური საშუალებებით მიმდინარეობს მუშაობა, რათა „აზოვსტალში" დარჩენილი ჯარისკაცების გამოყვანა მოხდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ, გაეროსა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, მარიუპოლიდან, „აზოვსტალიდან" ევაკუაციის მისიას ვაგრძელებთ. დღის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის - ქალებისა და ბავშვების გადარჩენა დააორგანიზა. ვიმედოვნებთ, რომ მალე ისინი ორთვიანი დაბომბვების შემდეგ, უსაფრთხო ადგილას ჩავლენ.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ "აზოვსტალში" რჩებიან. გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები ჩართული არიან", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებით მომდევნო დღეების განმავლობაში, დაბომბვის მაუწყებელი სიგნალები არ უგულებელყონ.
„რუსეთის ჯარებმა ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა განაგრძეს, საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ჩათვლით. ყველა ჩვენს მოქალაქეს ვთხოვ, განსაკუთრებით ამ დღეებში, საჰაერო დაბომბვის მანიშნებელი სიგნალის იგნორირება არ მოახდინონ. გთხოვთ, ეს თქვენი სიცოცხლეა, ეს თქვენი შვილების სიცოცხლეა. ასევე მკაცრად დაიცავით საზოგადოებრივი წესრიგისა და ,,კომენდანტის საათის" წესები ქალაქებსა და დასახლებებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.