აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ლიდერმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„დღეს შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას იცავენ. ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს“, – დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ვებგვერდი იუწყება, რომ სამხედრო დახმარების წინა პაკეტის თანხა თითქმის ამოიწურა, ამიტომ ბაიდენმა ახალი დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა.
„შეერთებული შტატების მხარდაჭერა, მოკავშირეებისა და პარტნიორების წვლილთან ერთად იყო გადამწყვეტი კიევთან გამარჯვებისა და უკრაინაში პუტინის სამხედრო მიზნების ჩაშლაში“, – ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.