უკრაინა და მსოფლიო ბანკი ემზადებიან ხელშეკრულების დასადებად პროექტის „საჯარო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი მმართველობისთვის“ 1,5 მილიარდი დოლარით დაფინანსებაზე.
უკრაინის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე, დელეგაციის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მსოფიო ბანკის წარმომადგენელებთან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. დელეგაციას მინისტრი სერგეი მარჩენკო უხელმძღვანელებს.
„ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით, უკრაინა მიიღებს სესხს 1,492 მილიარდი დოლარის ოდენობით. თანხები მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაფარვას სახელმწიფო ორგანოებისა და საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე“,- ნათქვამია განცხადებაში.