დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში კიდევ 1,3 მილიარდი ფუნტით (1,6 მილიარდი აშშ დოლარი) დაეხმარება. ამის შესახებ Reuters ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დახმარების ეს პაკეტი ბრიტანეთის მთავრობის მიერ უკრაინისთვის აქამდე გამოყოფილ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტია.
„პუტინის სასტიკი თავდასხმა არა მარტო აუწერელ განადგურებას იწვევს უკრაინაში, ის ასევე საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში“, - აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონის განცხადებაში. გასულ კვირას ის პირველი დასავლელი ლიდერი გახდა, ვინც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართა.
დღესვე დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ.