დანიის სამეფოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ომის სწავლებათა ცენტრში საჯარო ლექცია წაიკითხა.
ნიკოლოზ სამხარაძემ მკვლევარებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო და მიმოიხილა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია, რეგიონული გამოწვევები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების და მასში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ქვეყანაში გატარებული რეფორმები.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როგორც ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე და კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართული დისკუსიისას, მკლევარებმა შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს.
ყურადღება ასევე გამახვილდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში, საქართველოს შესაძლებლობაზე ევროპას, რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდებაში დაეხმაროს.
„გვქონდა ცოცხალი დისკუსია ოდენსეს ომის სწავლებათა ცენტრის მკვლევარებთან, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. მათი დაინტერესება ზოგადად, საქართველოს მიმართ, ასევე ევროპული უსაფრთხოების და რუსეთის შეჩერებასთან დაკავშირებით, ჩვენი ხედვების მიმართ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.